განცხადება ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით

09 მარტი 2022

2022 წლის 9 მარტს, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი ბოლო სასამართლო განხილვაა ჩანიშნული. შესაძლებელია, რომ სასამართლომ იმავე სხდომაზე განაჩენი გამოიტანოს. 

ქვეყანაში მედიის წარმომადგენელთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. ამ ფონზე,  ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით, სერიოზული ზიანი მიადგება ერთ-ერთ წამყვან ოპოზიციურ მედიას და გამძაფრდება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო.

2019 წლის 20 ივლისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნიკა გვარამიას სისხლის სამართლებრივი ბრალდება იმავე წლის 9 აგვისტოს წარედგინა. ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობისას მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. 

სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქმის მასალების  შესწავლის, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, იურიდიული დოქტრინისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და  გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.

ნიკა გვარამიას ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების ჯეროვანი შეფასება მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ მისი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, ისე სასამართლო პრაქტიკის შემდგომი განვითარებისათვის, რის გამოც, იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელ, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ თემაზე

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

საპარლამენტო არჩევნები და მედიაგარემო