კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს

02 მარტი 2022

 დღეს, 2022 წლის 2 მარტს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, “ფორმულას” ჟურნალისტს, რატი წვერავას სასამართლოსთან, სავარაუდოდ, ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები დახვდნენ. ისინი ჟურნალისტს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ ძალადობრივ ანგარიშსწორებას. ამასთანავე, შეურაცხყოფა მიაყენეს “რუსთავი 2” -ის თანამშრომლებს არჩილ ჭიჭიბოშვილს და ხათუნა გაგნიძეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, თუმცა უცნობია, არიან თუ არა თავდამსხმელი პირები იდენტიფიცირებული და იგეგმება თუ არა მათი დასჯა კანონით გათვალისწინებული წესით.

Მომხდარი ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მაშტაბური თავდასხმის  მონაწილეებისა და ორგანიზატორების სათანადო დაუსჯელობამ წაახალისა მედიის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებები. 

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ 2 მარტს სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. 

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობრივ  ქმედებებზე დროული სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების  დასაცავად და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. 

ამ თემაზე

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

საპარლამენტო არჩევნები და მედიაგარემო