კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მარტვილში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. დღეს, 2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებულებს შორის არიან “TV პირველის” ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს ასევე აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.
ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა.
გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები.