მედიის დამატებითი რეგულირების საჭიროება არ არსებობს – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კახი ბექაურის განცხადებას ეხმიანება

06 დეკემბერი 2021

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადება მედიის რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადებით მედია სივრცეში არსებობს პოლარიზაცია და ცალკეული მედიები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რასაც კანონმდებლობა არ არეგულირებს. ამან კი, ბექაურის განმარტებით, ტელევიზიებს საშუალება მისცა ფაქტები დაამახინჯონ და არ აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც მედიის მიერ მაყურებლების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს და ამით ქვეყანაში „ეს ტემპერატურა დაცხრება“. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისია მედია კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს, მათ შორის, სიძულვილის ენის რეგულირებაზე. კომისიას აღნიშნული რეგულაციების მიღების არგუმენტად ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოყავს, თუმცა, თუ საქართველოს მედიაგარემოს და პოლიტიზირებული სახელმწიფო უწყებების კონტექსტს გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ რეალურად, მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. 

სამწუხაროა, რომ მარეგულირებელი იმეორებს „ქართული ოცნების“ რიტორიკას  კრიტიკური მედიის წინააღმდეგ და კომისიის მოწოდება მედიის დარეგულირების შესახებ პირდაპირ თანხვედრაშია მმართველი პარტიის გაცხადებულ მიზნებთან თუ ინიციატივებთან. კომისიის გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა მედიისა თუ სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური კრიტიკის საფუძველი

ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს მთავარი წყარო არა მედია, არამედ პოლიტიკური ძალებია, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს მმართველი პარტია თამაშობს. ქართულ მედიაში არსებული გამოწვევების დაძლევის რეალურ გზა კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება ნამდვილად არ არის, რაც ხელისუფლების ორგანოებს თუ მარეგულირებელს ზეგავლენის ახალ ბერკეტს მისცემს და კიდევ უფრო დაამძიმებს მედიაგარემოს. 

„ქართული ოცნება“ წლებია მედიის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, რაც ძირითადად კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული. შემთხვევითი არ არის, რომ შიდა დეზინფორმაციული კამპანიის თავდასხმის მთავარი ობიექტებიც სწორედ კრიტიკული ჟურნალისტები არიან. ჟურნალისტების დისკრედიტაციის და დაშინების არაერთი მაგალითი არსებობს. ხელისუფლება განაგრძობს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტს და მონაწილეობას არ იღებს მათ პოლიტიკურ გადაცემებში, რაც  ხელს უშლის მედიას საქმიანობაში და მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას გაეცნოს განსხვავებულ პოზიციებს. 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მედიის მიერ შესაძლო პროფესიული სტანდარტების გადაცდომაზე რეაგირების გზა არსებული თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ხელისუფლების და კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი სრულიად საპირისპიროა. იქმნება ე.წ. პარალელური ინსტიტუტები და, მაგალითად, გაცხადებული მიზნის საპირისპიროდ, როგორიცაა მედია წიგნიერების ხელშეწყობა, კომისია კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას ახორციელებს

დღევანდელი ქართული მედიაგარემო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც კრიტიკული მედიის მფლობელის, მენეჯერისა თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური მოტივები, ათობით ჟურნალისტი ფიზიკური თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ტოტალური უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლების მხრიდან არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ჯანსაღი მედიაგარემოს შესაქმნელად. სახელმწიფო უწყებების სრული პოლიტიზირებისა და მათზე მმართველი პარტიის ზეგავლენის ფონზე, საკანომდებლო ცვლილებები, რომელიც მარეგულირებელს ან სხვა სახელმწიფო უწყებას დამატებით ბერკეტს მისცემს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ამ თემაზე

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

საპარლამენტო არჩევნები და მედიაგარემო