მედიის ადვოკატირების კოალიცია შალვა პაპუაშვილის მხრიდან “მთის ამბების” რედაქტორზე თავდასხმის შესახებ

20 თებერვალი 2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან “მთის ამბების” რედაქტორის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგი თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. მსგავსი ქმედება არის საფრთხე დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის.

დღეს შალვა პაპუაშვილმა გელა მთივლიშვილს ევროკავშირის პრიზის ფინალისტობის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და საკონკურსო კომისიის წევრების ვინაობითაც დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, იკითხა, იღებდა თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით. 

გელა მთივლიშვილი და მისი გუნდი ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტური  გამოძიებისა და მამხილებელი სტატიისა და საგანგაშოა, რომ მისი დისკრედიტაცია უკვე სისტემატურ ხასიათს იძენს. Შესაბამისად, არჩეული თანამდებობის პირების, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გელა მთივლიშვილზე თავდასხმა, რომელიც, მრავალი სირთულის მიუხედავად, თანმიმდევრულად და გაბედულად აშუქებს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის საკითხებს, ქვეყნის წინაშე არსებული რეალური გამოწვევებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა და მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის შერყევას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ.

საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ჟურნალისტიკის როლი ხელისუფლების ქმედებების კონტროლია, რაც ამ პროფესიას დემოკრატიის შემანარჩუნებელი ინსტიტუტის ფუნქციას აკისრებს. Მედიაზე მიზანმიმართული და გამუდმებული თავდასხმები და ნდობის შერყევის მცდელობა კი დემოკრატიის დასუსტების მცდელობაა.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ პარტიას, შეწყვიტონ თავდასხმები ჟურნალისტებზე და საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა.

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.