“მთავარი არხი”-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები კრიტიკული მედიის შეზღუდვის ტენდენციაა

28 იანვარი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს “მთავარი არხის” გარშემო განვითარებული მოვლენების გამო და მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც სერიოზულ საფრთხეს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მასობრივი ძალადობა და უკანონობა ხორციელდება მედიისა და აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის მხრიდან პროცესების სრულფასოვანი გაშუქება.

27 იანვარს ტელეკომპანია “მთავარი არხის” განცხადებით, ტელევიზიას შეუწყდა სატელიტური მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ამასთან, იზღუდება მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით, რაც პირდაპირ აისახება საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე. შეჩერებულია სარეკლამო შემოსავლების მიღება და რეიტინგების მონიტორინგის მომსახურება. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ჟურნალისტებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი ჩართვები მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრიდან.

კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული მედიასაშუალების ფუნქციონირებას, არამედ პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქებას და საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანამფლობელ ზაზა ოქუაშვილს და დირექტორ გოგი ქურდაძეს, შეწყვიტონ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ტელევიზიის საქმიანობის გაძლიერების კი არა, არამედ მისი საქმიანობის შეზღუდვის და საბოლოოდ შეწყვეტისკენ არის მიმართული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში დაცული იყოს მედიის უფლებები, მათ შორის თქვენი ტელევიზიის თანამშრომლების, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ძალადობისა და თავდასხმის ობიექტები და არ მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის შემცირება და გაშუქების შეზღუდვა.

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გამოხმაურება ონლაინმედიის პარლამენტში შესვლის აკრძალვაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა