საგანგაშოა, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ რეპრესიებს და ამჯერად ოთხ გამოცდილ ჟურნალისტს დაუსაბუთებლად შეუჩერდა პარლამენტის შენობაში მუშაობის შესაძლებლობა. მათ შორის არიან: „ტელეკომპანია პირველის” საგამოძიებო ჯგუფის სამი წევრი — მაკა ანდრონიკაშვილი (1 თვე), მაკა ჩიხლაძე (6 თვე) და ნატალია ქაჯაია (12 თვე), ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას” რეპორტიორი ნინი ბალანჩივაძე (6 თვე).
რეპრესიების ეს მეთოდი 2023 წლიდან მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის წევრებმა არაერთხელ მიმართეს სახალხო დამცველს, წარადგინეს სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოშის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. სამწუხაროდ, ამ დრომდე არცერთი სამართლებრივი მექანიზმი ეფექტურად არ მუშაობს დამოუკიდებელი მედიის დევნის შესაჩერებლად. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიტიკური ანგარიშსწორება განმეორდა და გაძლიერდა.
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველმა Amicus Curiae-ში მიუთითა, რომ პარლამენტში მედიისთვის დადგენილი შეზღუდვა კონსტიტუციურად გაუმართლებელია — ის არ პასუხობს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტს.
დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია „საზოგადოებრივი დარაჯის” ფუნქციას სწორედ ძალაუფლების მქონე პირთა კონტროლის, საჯარო ანგარიშვალდებულების და მოქალაქის ინფორმირების მიზნით ასრულებს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით კრიტიკულია საპარლამენტო სივრცეში, სადაც საკანონმდებლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას პირდაპირ განსაზღვრავს. ჟურნალისტიკა ნიშნავს არა მხოლოდ ინფორმაციიას გავრცელებას, არამედ იმ კითხვების დასმას, რომელიც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას მრავალმხრივ და ობიექტურად შეაფასონ ძალაუფლების მქონე პირთა მოქმედებები და უმოქმედობა.
საქართველოს მიერ გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით კოალიცია:
- მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ გააუქმოს დაწესებული შეზღუდვები;
- კიდევ ერთხელ მოითხოვს აკრედიტაციის წესის კონსტიტუციურ ნორმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას;
- მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, შეისწავლოს ჟურნალისტების შეზღუდვის ფაქტები და გამოსცეს რეკომენდაციები გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციისთვის.
მედიის თავისუფლება არ არის პრივილეგია – ეს დემოკრატიის ქვაკუთხედია. მისი შეზღუდვა საპარლამენტო სივრცეში ნიშნავს დემოკრატიული კონტროლის მოშლას იმ ადგილას, სადაც ის ყველაზე მნიშვნელოვანია.
