კოალიციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

29 იანვარი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კონსტიტუციური და საკანონმდებლო ვალდებულებების სისტემატური დარღვევის გამო. მაუწყებელი, რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშ იმყოფება, ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას. ეს გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის საქმიანობისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული საქმიანობა განსაკუთრებით საგანგაშოა დღეს, როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავს “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული არჩევნების, წამების, მასობრივი ძალადობის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და პოლიტიკური პატიმრების გამო. ამ კრიტიკულ პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად უგულებელყოფს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებას და ცხადად წარმოაჩენს “ქართული ოცნების” მიმართ აშკარა მიკერძოებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით. მაუწყებლის ხელმძღვანელობა სრულად უგულებელყოფს სამეურვეო საბჭოს და საკუთარი ჟურნალისტების ნაწილისა და საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ფორმატების გაფართოების შესახებ. ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ყოველდღიური აქციები ტარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინაც. პროტესტი გამოწვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ. საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, გასული წლის დეკემბრის თვეში საგანგებო ეთერის ფორმატში საზოგადოებისთვის მცირე საეთერო დროის მოპოვება შესაძლებელი გახდა, თუმცა მალევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიცემული პირობა დაარღვია და სახალხო ეთერი არ აღადგინა. “ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება, სახალხო ეთერთან ერთად მოვითხოვთ, არხის ხელმძღვანელობის გადადგომას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომლითაც 29 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ძველ შენობასთან განგრძობითი პროტესტის ორი თვის აღსანიშნად აქცია დააანონსეს. 

სამეურვეო საბჭოს ნაწილი ცალსახად ემიჯნება საბჭოს თავმჯდომარის ვასიკო მაღლაფერიძისა და მისი მხარდამჭერი წევრების უსაფუძვლო კრიტიკას მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. კრიტიკის საფუძველია ასევე ის ფაქტიც, რომ მაუწყებელი არ არის სოლიდარული კოლეგა-ჟურნალისტების მიმართ, ამ შემთხვევაში კი უკანონო წინასწარ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის, რომელიც უკვე 18 დღე შიმშილობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის  მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის გარდა თვითონ საბჭოს წევრებისათვისაც კი პასუხგაუცემელია სერიოზული კითხვები დაკავშირებული მაუწყებლის მართვასთან, კერძოდ რა თანხები იხარჯება მაუწყებლის პროგრამების განსახორციელებლად, როგორ გამოიყურება სამაუწყებლო სეზონის გეგმაზე, რომელი გადაცემები იგეგმება ეთერში, რატომ არ ფუნქციონირებს დღის ეთერი, რა პრინციპით ნაწილდება ხელფასები, რა მექანიზმებით რეგულირდება შიდა ინტერესთა კონფლიქტები, აღნიშნულია განცხადებაში. 

არსებულ ვითარებაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დაუყოვნებლივი გადადგომა და მათ ნაცვლად მიუკერძოებელი, პროფესიონალი პირების შერჩევა. აუცილებელია ცენზურის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ჟურნალისტების პროფესიული დამოუკიდებლობის სრული უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომელთა ნაწილის სამართლიანი მოთხოვნების სათანადო გათვალისწინება პროგრამული პოლიტიკის შემუშავებისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს საქართველოში.

ამ თემაზე

“მთავარი არხი”-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები კრიტიკული მედიის შეზღუდვის ტენდენციაა

27 იანვარს ტელეკომპანია "მთავარი არხის" განცხადებით, ტელევიზიას შეუწყდა სატელიტური მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ამასთან, იზღუდება მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით, რაც პირდაპირ აისახება საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გამოხმაურება ონლაინმედიის პარლამენტში შესვლის აკრძალვაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა