მედიას ბათუმის “ოცნების ქალაქში” გადაღებას უზღუდავენ

16 თებერვალი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს, ბათუმში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე დაიღუპა ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებთ ბავშვების მშობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს. 

15 თებერვალს „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით დაღუპული არიან 3 და 6 წლის ბავშვები. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია ასევე ეხმიანება, ბათუმში „ოცნების ქალაქში” მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელშეშლის ფაქტებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია “აჭარა თაიმსის” დამფუძნებლის, სულხან მესხიძისა და “ბათუმელების” ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის მიმართ ზეწოლა, რაც “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ მხარდამჭერთა მიერ განხორციელდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “აჭარა თაიმსის” დამფუძნებლის სულხან მესხიძისათვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები მეორე დღეს 16 თებერვალსაც გრძელდება, კერძოდ მედიის ტექნიკის დაზიანება სცადეს, ჟურნალისტს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ტრაგედიის ადგილზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლას და მუქარას ჰქონდა ადგილი. საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რამაც ორი ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია. “ქართული ოცნების” მხრიდან უკანონო ხელშეშლის ქმედებები კი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირების შეზღუდვას და შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” მხრიდან პოლიციის, უკანონო ფორმირებებისა თუ მხარდამჭერების დახმარებით ცდილობს ფიზიკურად იძალადოს და უკანონოდ ხელი შეუშალოს მედიის წარმომადგენლებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნულ დანაშაულებზე კი პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტი ფიზიკური ძალადობის, პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის, ტექნიკის დაზიანებისა თუ მუქარის შემთხვევები დაფიქსირდა. თვეზე მეტია უკანონოდ დაკავებულია “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც არსებული რეჟიმის სინდისის პატიმარია. ქალბატონი მზია დაკავების დღიდან შიმშილობს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივ ქმედებასა თუ შეზღუდვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას”, რომელიც სისტემატურად ახდენს მედიაზე თავდასხმებს, დისკრედიტაციას და ქმნის მტრულ გარემოს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის.

ამ თემაზე

კოალიცია: მედიისთვის ჯარიმების დაწესება არის მიზანმიმართული ზეწოლა

დაჯარიმებულ ჟურნალისტთა განახლებადი ბმული

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

“მთავარი არხი”-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები კრიტიკული მედიის შეზღუდვის ტენდენციაა

27 იანვარს ტელეკომპანია "მთავარი არხის" განცხადებით, ტელევიზიას შეუწყდა სატელიტური მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ამასთან, იზღუდება მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით, რაც პირდაპირ აისახება საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე.