ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ საქართველოში 

27 მარტი 2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტიმ 26 მარტს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა, სადაც კრიტიკულად აფასებს არსებულ მდგომარეობას და გასცემს რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფისთვის.

კომისარი საქართველოში 2025 წლის 21-დან 23 იანვრამდე იმყოფებოდა. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ეთმობა მედიის მდგომარეობის შეფასებას, სადაც იგი ეხმიანება ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს, მათ შორის შევიწროების, ძალადობისა და დაშინების შემთხვევებს საპროტესტო აქციების დროს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები საქართველოში სულ უფრო მეტად ხდებიან რეპრესიების სამიზნე. განსაკუთრებით ხაზგასმულია “ბათუმელები”-სა და “ნეტგაზეთი”-ს დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობა, რომელსაც კომისარი ციხეში ესტუმრა. კომისარი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის “წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია.” 

შეშფოთების საგანია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან “მოამბის” წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლება, რომელმაც ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადა. ანგარიშში საუბარია უცხოეთიდან დაფინანსების მიღების შემზღუდავ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის საარსებო წყაროა.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დარღვევები.

წაიკითხეთ ორიგინალი.

ამ თემაზე

“ქართული ოცნება” მედიის სისტემურ შეზღუდვას აგრძელებს

სამიზნეა კრიტიკული მედია- ცენტრალურიც და რეგიონულიც

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

“ოცნების ქალაქში” ჟურნალისტებს მუშაობას უზღუდავენ

"აჭარა თაიმსის" და "გამომძიებელი რეპორტიორების" ჟურნალისტებს ქართული ოცნების აქტივისტები დაესხნენ თავს.