ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში პრესის თავისუფლების შესახებ 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული. ინსტიტუციური რეპრესიები, დაფინანსების შეზღუდვა და მედიის მიტაცება, შეფასებულია, როგორც „პრესის თავისუფლების დემონტაჟი“.
ანგარიშში გამოყოფილია შემდეგი ძირითადი საკითხები:
ფიზიკური თავდასხმები და უსაფრთხოება
საქართველოში დაფიქსირდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. პოლიციამ გამოიყენა ძალა რეპორტიორების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გაშუქებისას, რაც მოიცავდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღჭურვილობის დაზიანებას და პროფესიული საქმიანობაში ხელშეშლას.
მზია ამაღლობელის საქმე
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს. იგი 2025 წლის იანვარში დააკავეს და აგვისტოში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია პირველი ქალი ჟურნალისტია საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დააპატიმრეს. ევროპარლამენტმა მისი გამძლეობა და ჟურნალისტიკის იდეის დაცვა სახაროვის პრემიის მინიჭებით აღიარა.
რეპრესიული კანონმდებლობა
ანგარიში დოკუმენტურად ასაბუთებს რამდენიმე კანონის მიღებას, რომლებიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას:
- „უცხოური აგენტების“ კანონი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აიძულებს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“.
- კანონი გრანტების შესახებ: ახალი ცვლილებები მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან წინასწარ თანხმობას უცხოური გრანტების მისაღებად.
- მაუწყებლობის შესახებ კანონი: მედიის მარეგულირებელს (GNCC) მიენიჭა გაფართოებული უფლებამოსილება, რაც საშუალებას აძლევს მას დააწესოს სანქციები ან გააუქმოს ლიცენზიები.
- სასამართლო შეზღუდვები: ახალი წესები ზღუდავს ჟურნალისტების შესაძლებლობას, გააშუქონ სასამართლო პროცესები და აკრძალონ უნებართვო ჩაწერა სასამართლოს შენობებში.
საზოგადოებრივი მაუწყებელი და მედიის მიტაცება
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) კრიტიკის საგანია პოლიტიკური მიკერძოებულობისა და ანტიევროპული რიტორიკის ხელშეწყობის გამო. მაუწყებლობის მენეჯმენტმა სამსახურიდან დაითხოვა ჟურნალისტები, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი, მას შემდეგ რაც მათ საჯაროდ ისაუბრეს პოლიტიკურ ჩარევაზე.
ეკონომიკური და ადმინისტრაციული ზეწოლა
- ანგარიშების გაყინვა: სასამართლოს განჩინებით გაიყინა რამდენიმე მედია ორგანიზაციისა და NGO-ს საბანკო ანგარიშები.
- ქვეყანაში შესვლაზე უარი: 2025 წელს საქართველოში არ შეუშვეს უცხოელი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები იტალიიდან, შვეიცარიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
- დაუსჯელობა: ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, განსაკუთრებით სამართალდამცავების მხრიდან, ხშირად გამოუძიებელი რჩება
რეპრესიის მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია განაგრძობს მუშაობას და საზოგადოების ინფორმირებას.


