ტელეკომპანია „ფორმულას“ დაჯარიმება, “მონიტორის” და “პუბლიკას” აკრედიტაციების გაუქმება მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გაგრძელებაა 

23 მაისი 2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაჯარიმებასა და საქართველოს პარლამენტის მიერ „მონიტორისა“ და „პუბლიკას“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების ვადამდე გაუქმების გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები ქვეყანაში მედიის გარემოს კიდევ უფრო გაუარესებასა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს.

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სანქცირების მექანიზმების გამოყენებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის „ქართული ოცნების“ ხელში მედიის კონტროლის ინსტრუმენტად არის ქცეული. ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგს ეფუძნება. დეპარტამენტმა „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამები დაამონიტორინგა და მიიჩნია, რომ არხმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ მოთხოვნები დაარღვია. კომისიამ „ფორმულა“ 2 500 ლარით დააჯარიმა ისეთი შეფასებითი ფორმულირებების გამოყენების გამო, როგორიცაა „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“ და სხვა.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ კომუნიკაციების კომისია შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმებს სულ უფრო აქტიურად იყენებს დამოუკიდებელი მაუწყებლების წინააღმდეგ. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა წარსულში ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა და ასევე „ქართული ოცნების“ ყოფილი პარლამენტის წევრია. სწორედ „იმედი“ და POSTV იყვნენ ის სამთავრობო მაუწყებლები, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სასარგებლოდ გავრცელებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამო დაასანქცირა. მისი წინამორბედი კახა ბექაური პირადაც დასანქცირებული იყო. 

დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის გაგრძელებაა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებიც, რომლითაც საგამოძიებო გუნდ „მონიტორსა“ და გამოცემა „პუბლიკას“ აკრედიტაციები ვადამდე გაუუქმდათ. ორივე ბრძანებას ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, კახა ოქროჯანაშვილმა. ბრძანებების მიხედვით, მიზეზად დასახელდა ის, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ პარლამენტში.

ეს გადაწყვეტილებები ვერ განიხილება კონტექსტის გარეშე. პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესები მედიასაშუალებებს აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას უზღუდავს. როგორც „მონიტორს“, ისე „პუბლიკას“ მხოლოდ ოთხი აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდათ. ამავე დროს, დამატებითი ჟურნალისტების პარლამენტში დაშვების მოთხოვნები პრაქტიკაში ხშირად არ კმაყოფილდება. სწორედ ამ პირობებში, „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ პარლამენტს ორჯერ მიმართა ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ კი ჟურნალისტების „არყოფნა“ თავად პარლამენტმა აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლად გამოიყენა. პარლამენტმა ახალი რეგულაციები არაერთხელ გამოიყენა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების საქმიანობის შესაზღუდად

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“, „მონიტორს“, „პუბლიკას“ და ყველა ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას, რომლებიც მზარდი ზეწოლის მიუხედავად აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას და საზოგადოების ინფორმირებას.

ამ თემაზე

3 მაისი – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე

ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

"ქართული ოცნება" მედიაზე ზეწოლას აგრძელებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.