კოალიცია პარლამენტში ჟურნალისტების არშეშვებას ეხმიანება

10 აპრილი 2024

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 8 აპრილს პარლამენტში სამართალდამცველებმა რამდენიმე მედიის წარმომადგენელი არ შეუშვეს. მედიასაშუალებების განცხადებით, აკრედიტაციისა თუ საშვების ქონის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ვერ შეძლეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ პასუხს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურისგან.

„მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან დილიდან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ, წესით, პარლამენტში უნდა შევდიოდეთ. ველოდებით პრესსამსახურის პასუხს, თუ რატომ არ გვიშვებენ. ჩვენ საშვები გვაქვს. ვისაც აკრედიტაცია აქვს, არ შეუშვეს. ბიუროზე არის განხილვა რუსული კანონის. ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კითხვები. ეს კანონი, მათ შორის, ჩვენს მომავალს, ქვეყნის მომავალს ეხება“, – განუცხადა „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა IPN-ს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტში საკუთარი მოვალეობის შესრულებისას დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს აწყდებიან. 

“რუსული კანონთან” დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საზოგადოების დიდი ნაწილის მაღალ ინტერესს იმსახურებს და ამ ფონზე, პარლამენტის მხრიდან მედიის პარლამენტში დაუშვებლობა, მოსახლეობას ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია და ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესში.  

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უზრუნველყოს სამართლიანი სამუშაო პირობები მედიის წარმომადგენლებისთვის, იმისათვის, რომ მედიამ თავისუფალ გარემოში შეძლოს პროფესიული საქმიანობის შესრულება.

ფოტო: რადიო თავისუფლება

ამ თემაზე

ადამიანის უფლებების დარღვევები პროევროპულ დემონსტრაციებზე

Human Rights Watch ანგარიში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

კოალიცია გმობს თავდასხმას ჟურნალისტსა და აქტივისტზე ელისო ჯანაშიაზე

ელისო ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმა პირდაპირ უკავშირდება მის კრიტიკულ პოზიციას "ქართული ოცნების" მიმართ.

როგორ გახდა მედია ძალადობის სამიზნე

სპეცრაზმის და კრიმინალური ჯგუფების მიზანმიმართული ძალადობის შედეგად დაზარალებული ექვსი მედიის წარმომადგენლის ისტორია