მედიაკოლიაციის წევრი ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობის ანალიზი მედიაგარემოს შესახებ.
საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე (03.05.2022-03.05.2023) მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს. მაგალითად, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და მე–60 ადგილიდან საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარების გაუარესებაა ხაზგასმული. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის გამოხატვის თავისუფლება და ის, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ჟურნალისტები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატურად ეხმიანება მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას. გამოვყოფთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემოს სისტემურ გაუარესებაზე მიანიშნებს და დამახასიათებელია კლეპროკრატიული მმართველობისთვის.
მედიამენეჯერის დაპატიმრება
2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელს და დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგზის კრიტიკულად გამოეხმაურენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხვდა 2023 წლის „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიშში, ხოლო „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაპატიმრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 11-მა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაედგა ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. მათ მიერ 2023 წლის 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობაში დარჩენა აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიანიშნებს. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ს ჰელსინკის კომისია.
ძალადობა ჟურნალისტებზე და არასათანადო გამოძიებები
საქართველოში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები კვლავ მოექცა საერთაშორისო ორგანიზაციების ფოკუსში. სიტუაციას ამძიმებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამ დრომდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დღემდე იცავს.
დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე. სისტემურია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისა და თვითცენზურის გაძლიერების პრაქტიკა. საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება კრიზისების პერიოდში. მაგალითად, 2023 წლის მარტში რუსული კანონის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები. ამავე აქციებზე დააკავეს „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა.
2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საგამოძიებო სამსახურებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მართლმსაჯულების გამოყენება მედიის წინააღმდეგ
ქართულ მედიაგარემოს კიდევ უფრო აზიანებს კლეპტოკრატიული მმართველობის გაძლიერება, როდესაც მმართველი ელიტები ქვეყნის რესურსების მიტაცებით მდიდრდებიან და საკუთარ ძალაუფლებას და გავლენას აფართოებენ. კლეპტოკრატია პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციასთან და მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების სხვადასხვა გზით გაჩუმება, მათ შორის მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით.
საქართველოში საშიშ ტენდენციად ყალიბდება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში, ცილისმწამებლური განცხადების გამო, კოორდინირებულად შეტანილი სარჩელების საგანგაშოდ მზარდი რაოდენობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ მომჩივანების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბოლო წლებია აკვირდება სასამართლო პროცესების წარმართვის დამკვიდრებულ პრაქტიკას, სადაც კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი მაინც ჟურნალისტზე გადადის. არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე წნეხის გასაძლიერებლად, ცილისწამების სარჩელით უშუალოდ ჟურნალისტის პირადი ანგარიშების და ქონების დაყადაღებას მოითხოვენ.
კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკვე საერთაშორისოდ აღიარებული უკუსვლის ფონზე მიმდინარეობს, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.
გაურესებული კანონმდებლობის ეფექტი გამოხატვის თავისუფლებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე
2022-2023 წლებში ხელისუფლებამ კანონში შეიტანა ნეგატიური ცვლილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას. პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის ფონზე, მეინსტრიმულ მედიაში პრობლემად რჩება დაფინანსების ჯანსაღი მოდელების (მაგალითად, გამომწერებისა და მედიის მომხმარებლების დონაციის) არარსებობა. შესაბამისად, ქვეყნისთვის “შესაძლებლობის ფანჯრის” გაღებისა თუ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებშიც კი, გამოწვევად დარჩება მედიის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმების მომზადება.
2022 წლის მარტიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ამოქმედებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მაუწყებლების ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობაზე. ცვლილებების მიხედვით აიკრძალა აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის განთავსება. აღნიშნული კომპანიები მედიის მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ და იმთავითვე არსებობდა მოლოდინი, რომ აკრძალვა მედიაბაზარსა და მედიის შემოსავლებზე ნეგატიურად იმოქმედებდა. კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული განცხადებისმიხედვით, 2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა.
პრობლემების წინაშე არიან ის მედიასაშუალებებიც, რომლებიც პოლიტიკური აფილირებისგან შორს არიან და ამასთან, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან. 2023 წლის 1 თებერვალს რეგიონულმა (სამეგრელო-ზემო სვანეთი) ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ გაავრცელა განცხადება 12-წლიანი საქმიანობის შემდეგ ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. მედიასაშუალება 2011 წლიდან არსებობდა და რეგიონის მოსახლეობაში მაღალი ნდობით სარგებლობდა.
2022 წლის ბოლოს პარლამენტმა მიიღო მორიგი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლითაც სხვა სადავო საკითხებთან ერთად, გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება და რეგულირებაში გადავიდა სიძულვილის ენა. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს (მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე) შეიცავს თუ არა გადაცემა ან პროგრამა სიძულვილის ენას და გამოიყენოს სანქციები (მაგ., დაჯარიმება, ლიცენზია/ავტორიზაციის შეჩერების დაწყება). კანონი ფართო განხილვისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვის გარეშე შეიცვალა. საკანონმდებლო ორგანომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები კანონპროექტის რისკებზე კრიტიკული აზრის შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით. “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები მოგვიანებით ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ნეგატიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ “კანონის მთელი რიგი ასპექტები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს”. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის მარეგულირებელი კომისიის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა მედიის და კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იყოს გამოყენებული.
“რუსული კანონი” კრიტიკული მედიის წინააღმდეგ
2023 წლის მარტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული იყო რუსული კანონი, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მღელვარება გამოიწვია. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებით, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი აზიანებდა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მიზნად ისახავდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების სტიგმატიზაციასა და ადამიანის უფლებების შეზღუდვას. საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო ტალღის შედეგად, კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდა.
ქართული მედია ინტენსიურად აშუქებდა რუსული კანონის შესახებ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების საპროტესტო განცხადებებს. კანონპროექტის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლისა და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები. აქციების გაშუქებისას, საპარლამენტო მუშაობის აკრედიტაცია შეუჩერდა კრიტიკული მედიის ოთხ ჟურნალისტს. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავეს ონლაინ-გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა.
აკრედიტაციის ახალი წესის „მსუსხავი ეფექტი“
დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი ეხმარება უწყებას გახდეს უფრო გამჭვირვალე, ხოლო მედიას – მოიპოვოს საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია. 2023 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით,წინასწარი განხილვების გარეშე, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის განახლებული პროცედურები ამოქმედდა. შეცვლილმა რეგულაციებმა თავიდანვე გააჩინა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი ახალ წესს კრიტიკულად განწყობილი მედიის შეზღუდვისთვის გამოიყენებდა. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულად განწყობილ მედიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, აკრედიტაციის ახალი წესი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მოპოვების გზებს კიდევ უფრო ართულებს და ზრდის თვითცენზურის ატმოსფეროს.
აკრედიტაციის წესმა პრაქტიკაში უკვე აჩვენა, რომ რეგულაცია ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 2023 წლის მარტში, რუსული კანონის შესახებ პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას, აკრედიტაცია შეუჩერდა ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ სამ ჟურნალისტსა და ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორს. ფაქტის გასაჯაროებისა და ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, პარლამენტმა გადაწყვეტილებას ჟურნალისტების სასარგებლოდ გადახედა. 2023 წლის აპრილის დასაწყისში პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა სამი კრიტიკული მედიის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემებზე ცდილობდნენ პარლამენტარებისთვის კითხვების დასმას. ახალი წესის პრაქტიკას გამოეხმაურა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (Commettee to Protect Journalists) და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, აღუდგინოს აკრედიტაცია ჟურნალისტებს და შეცვალოს რეგულაცია.
შეჯამება: საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება.
მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. ამისთვის, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში.