მედიის ადვოკატირების კოალიციის გამოხმაურება Facebook-ის ანგარიშზე

03 მაისი 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება სოციალური ქსელის Meta-ს (Facebook) ანგარიშს, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ანგარიშები ჩართული იყვნენ ყალბი და მადისკრიტებული ინფორმაციების გავრცელებაში. 

2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის თანახმად, მთავრობის სტრატეგიულ დეპარტამენტთან აფილირებული ყალბი ანგარიშები ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებას, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. აღნიშნული ქმედებები ხდებოდა რუსული კანონის განხილვის პერიოდში. მთავრობის დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram გვერდი კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაიშალა. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი იყო Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვის დახარჯული.

აღნიშნული ანგარიში ადასტურებს ღია წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციებს, რომელიც ადრეც აჩენდა ეჭვებს, რომ ხშირად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არა საჯარო ინტერესის, არამედ პარტიული მიზნით ხდება, ხოლო მმართველი პარტია პოლარიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მედია გარემო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ძალადობა, ბოიკოტი, უკანონო მოსმენები და ა.შ. ნაცვლად რეალური საფრთხეების წინააღმდეგ აქტიური ქმედების გადადგმისა, ხელისუფლება თავად ეწევა შიდა პროპაგანდას, ჟურნალისტების უფლებების დარღვევას და ოპონენტების დისკრედიტაციას. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიდა დეზინფორმაციული კამპანია, დაიცვას მედიის უფლებები და შექმნას  უსაფრთხო სამუშაო და პლურალისტური გარემოს პირობები.

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.