2022 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს განაჩენი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის, ამჟამად “მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სასამართლო სათანადო ყურადღებას დაუთმობს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნებს:
- სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
- კოალიციის წევრი ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნის თანახმად, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო დავას ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება მესამე წელია ყურადღებით აკვირდება. დღეს უკვე ცხადია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელების ცვლილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა და ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული გახდა, ხოლო სამართლებრივი პროცესი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღქმულია, როგორც მმართველი პარტიის მიერ მართული. ასეთივე ლეგიტიმური ეჭვები არსებობს ნიკა გვარამიას პროცესის მიმართ.
სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოებები, ასევე, მედიის საქმიანობის მიმართ საჯარო ინტერესი და მიიღოს დასაბუთებული, მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ეჭვებს გაფანტავს.