მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია

24 ივლისი 2021


დღეს, 2021 წლის 23 ივლისს გავრცელდა პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, სადაც იგი ჟურნალისტებს  “მოძალადეებს”  და “პარტიულ აქტივისტებს” უწოდებს. სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას.

გუშინ, 2021 წლის 22 ივლისს, პირველმა ვიცეპრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას. მოგვიანებით, მან უარი განაცხადა ტელევიზიისათვის კუთვნილი ნივთის დაბრუნებაზე. მინისტრის ქცევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. გამოძიება უნდა დაიწყოს, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ისე სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.

გუშინვე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც მწვავედ გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლები და პრაქტიკულად მოუწოდა სასულიერო პირებს კომუნიკაცია შეწყვიტონ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან. საპატრიარქოს განცხადების პათოსი თანხმობაშია მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მედიის მიმართ ძალადობის ესკალაციის რისკებს. 

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” პარტნიორი ორგანიზაციები  მივიჩნევთ, რომ ეს არის კოორდინირებული შეტევა მედიაზე, რაც საგანგაშოა იმის ფონზე, რომ ხელისუფლება  არ ცდილობს მიიღოს პრევენციული ზომები ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უფრო მეტიც, ჟურნალისტების უფლებების პატივისცემისკენ მოწოდებებს “დეზინფორმაციას” და “ცილისწამებას” უწოდებს, ხოლო 5-6 ივლისს მედიის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობის ორგანიზატორებს არ აკავებს. 

გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ძალების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმების რაოდენობას.

  • მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება, საჯაროდ გაემიჯნოს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის. 
  • მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ქონების მიტაცებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის  ფაქტებთან მიმართებით.
  • მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს, შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია. 

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI

ლიბერალური აკადემია თბილისი

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

სატელევიზიო ქსელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი OSGF

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა