“ოცნების ქალაქში” ჟურნალისტებს მუშაობას უზღუდავენ

22 მარტი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

კოალიცია ეხმაურება “აჭარა თაიმსის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მათი პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევას.

ქალაქ ბათუმში “ოცნების ქალაქში” ჩასულ ჟურნალისტებს, “აჭარა თაიმსის” დირექტორ სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“  ჟურნალისტ, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ცდილობდნენ, “ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მათ ჟურნალისტების მიმართ გამოიყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოითხოვდნენ ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ წასვლას და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა მათი თანდასწრებით არანაირი სამართლებრივი ზომები არ მიიღეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები მსგავსი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ 150-მდე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში დამნაშავე პირები არ დასჯილან. “აჭარა თაიმსი” განსაკუთრებით ხშირად ხდება მსგავსი თავდასხმების სამიზნე, რაც მიუთითებს კრიტიკული მედიის მიზანმიმართულ დევნაზე.

მედიაზე განხორციელებული ეს თავდასხმები არის “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების შეზღუდვას. რეჟიმის მიერ მედიის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. თავისუფალი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია და მისი შეზღუდვა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ამ თემაზე

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

კოალიციის განცხადება ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავების შესახებ

ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

განცხადება ჭიათურის საკრებულოში ჟურნალისტების დაშვების აკრძალვის შესახებ

ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ჭიათურაში