რუსული კანონი- საფრთხე თავისუფალი მედიისთვის

14 აგვისტო 2024

მედიაკოალიციის და ამბის თხრობის პლატფორმის- MOVEMENT ერთობლივი დოკუმენტური ფილმი “რუსული კანონის” საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ნაწილია. დოკუმენტური ფილმის მიზანია, დაეხმაროს საზოგადოებას, გააცნობიეროს “რუსული კანონის” მიღების რეალური მოტივები და კონტექსტი. ფილმი აჩვენებს, თუ რატომ უწოდებენ ამ კანონს “რუსულს” და რა საფრთხეს უქმნის ის დემოკრატიულ პროცესებს.

ფილმში ნაჩვენებია თავისუფალი მედიის შეზღუდვისა და ხელშეშლის მასშტაბები საქართველოში და მიზანმიმართული, სისტემური შეტევა თავისუფალ მედიაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის სხვადასხვა ფორმას შორის გვხვდება: პარლამენტში დამოუკიდებელი ონლაინმედიის შესვლისა და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების აკრძალვა, რეპუტაციული ზიანის მცდელობები, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მიზანმიმართული თავდასხმები და საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

ფილმში ჩანან იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოების მაღალი ნდობით და ყველა ხელისუფლების პირობებში გამოირჩეოდნენ პროფესიული სტანდარტების დაცვით. ისინი წარმოჩენილნი არიან არა როგორც მსხვერპლები, არამედ როგორც პროფესიისა და საზოგადოების ინტერესების ერთგული დამცველები, რომლებიც არსებული ზეწოლის მიუხედავად, შეუპოვრად აგრძელებენ მუშაობას.

დოკუმენტური ფილმი ასევე უსვამს ხაზს თავისუფალი მედიის მნიშვნელობას, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, და აჩვენებს პარალელებს რუსეთის გამოცდილებასთან, სადაც მსგავსი კანონის მიღებამ მძიმე შედეგები გამოიწვია მედიის თავისუფლებისთვის.

ამ თემაზე

პრესის თავისუფლების ჯგუფების სოლიდარობა საქართველოს ჟურნალისტებსა და მედიას

„სწრაფი რეაგირება მედიის  თავისუფლებისთვის“ (MFRR) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლებიც ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.

Amnesty International: მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევა საქართველოში

ანგარიში, რომელიც ეფუძნება პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებებს, უფლებადამცველთა მონაცემებს და ვიდეო მტკიცებულებებს, წარმოაჩენს მასშტაბურ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ

კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას