უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

14 დეკემბერი 2021

გუშინ, 2021 წლის  13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს “ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის თაობაზე. ცვლილებები შეეხება რამდენიმე სამართლებრივ აქტს, მათ შორის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების მატარებელია.

კოალიციის შეფასებით, განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია.  კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან არ ირკვევა საკანონმდებლო პაკეტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობა. “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაშიც კი 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება. აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა. 

საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება  მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენლია. 

კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას. აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის.

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.