14 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს

15 მაისი 2024

14 მაისს საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტს შსს-ის წარმომადგენელმა მცირე ზომის კამერა წაართვა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. 

 საბა სორდიას განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, გენერალურ ინსპექციასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს დაუყოვნებლივ დაუკავშირდა, თუმცა კამერა ჟურნალისტისთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. 

 საბა სორდიამ აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დაკითხეს. “ინდიგოს” ჟურნალისტი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიბარა გამოკითხვაზე.

  გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ჟამერაშვილს პოლიციელმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას გიორგი ჟამერაშვილმა განაცხადა, რომ “სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმ დროს, როდესაც იგი რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა.”

 საყურადღებოა, რომ აქციაზე მიმდინარე ხმაურისა და არეულობის ფონზე ერთი-ერთი მოქალაქის დაკავების პროცესში სამართალდამცველებმა ჟურნალისტი რატი მუჯირი შენობის ეზოში შეიყვანეს. “ფორმულას” ჟურნალისტი ახალგაზრდა მოქალაქის დახმარებას ცდილობდა.

ფოტო: მედიაჩეკერი

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა