მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის საქმეზე

24 მარტი 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე სამაუწყებლო კომპანია „ფორმულას“ სიცოცხლისუნარიანობას და გაზარდოს სარედაქციო წნეხი ჟურნალისტებზე.

სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელსა და 51%-იანი წილის მფლობელს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს, დაახლოებით 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება ემყარება, უზენაესი სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს თავდაცვის ძალებში ე.წ. წვრთნების საქმეზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე რჩება არაერთი კითხვის ნიშანი და ამავე საქმეზე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია გამამართლებელი განაჩენი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2021 წელს შეცვალა.

ეს არ არის პირველი საქმე კრიტიკული მედიის მფლობელის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო განხილვაშია. სასამართლო განიხილავს “ტელეკომპანია პირველის“ მფლობელის ოჯახის წევრის საქმესაც. ასევე, პატიმრობაშია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და თანამფლობელი ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაც ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეაფასეს.

ხელისუფლების მიერ მედიაზე ზეწოლის მცდელობები არა მარტო აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში, არამედ აღრმავებს პოლარიზაციას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, რადგან დეპოლარიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა სტატუსის მისაღებად აუცილებელი პრიორიტეტული ამოცანების ნაწილია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აქტიურად ადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეს და კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე არ იქნეს გამოყენებული კრიტიკული მედიის დევნისთვის. 

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.