მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევას

08 ივლისი 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს 8 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და უკანონო ხელშეშლის შემთხვევებს. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ დაიცავდა ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ხელისუფლების მიერ მისივე ვალდებულებების შეუსრულებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ინფორმირებული იყო მოვლენების შესაძლო ძალადობრივი განვითარების შესახებ, მან მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება არც ამჯერად დაიცვა. 

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” მიერ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისული ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ . კოალიციის წევრი ორგანიზაციის “მედიაომბუდსმენის” შეტყობინების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის შესწავლა დაიწყო

იმ ფონზე, როდესაც ჟურნალისტები უზრუნველყოფენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, აღმაშფოთებელია, რომ მათ სახელმწიფო არ იცავს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ამგვარი ინსტრუმენტალიზაცია  სერიოზულ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს  პასუხისმგებლობა და ვალდებულებები საკუთარი მოქალაქეების და მედიის წინაშე და  უზრუნველყოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს მედიას და ადასტურებს ურყევ ერთგულებას პრესის თავისუფლების დასაცავად. კოალიცია აგრძელებს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს.

ამ თემაზე

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

საპარლამენტო არჩევნები და მედიაგარემო