კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში შემოუშვას პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებული რუსი ჟურნალისტები

06 მარტი 2022

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი. ის ამ დრომდე კომენტარის და იდენტიფიცირებისგან თავს იკავებდა რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის  გამო. 

დღეს, 2022 წლის 06 მარტს ცნობილი გახდა, რომ  მიხეილ ფიშმანის ოჯახი საქართველოშია, ჟურნალისტს კი არ ეძლევა შესაძლებლობა გადმოკვეთოს საზღვარი და ისევ ელოდება პასუხს საქართველოს სახელმწიფოსგან. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. 

ახლახან რუსეთის ხელისუფლებამ რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის – რომელსაც კრემლი “ყალბად” მიიჩნევს – გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მაღალი ჯარიმით ან პატიმრობით. აღნიშნულის ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი. რუსეთში შეწყვიტეს მაუწყებლობა სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის CNN-მა, დაიხურა Deutsche Welle-ს რუსული ბიურო. ამიტომაც, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დახმარება დასჭირდებათ სხვა რუსს ჟურნალისტებსაც. 

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა მსგავსს დაბრკოლებებს რუსეთიდან ერევნის გავლით შემოსული სხვა პირები არ აწყდებიან. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა განმარტოს  თუ რა გახდა მიხეილ ფიშმანის არ შემოშვების მიზეზი.  

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს. განუხრელად შეასრულოს “საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ შელახოს კრიტიკული ჟურნალისტების და მათთან ერთად მყოფი პირების უფლებები.

ამ თემაზე

განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება