კოალიცია ,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება

06 ივლისი 2022

2022 წლის 05 ივლისს [1] ,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს  შოთიკო სადაღაშვილს და თორნიკე გელიტაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ [2]. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მოძალადეები ძალადობრივი და პრორუსული  ჯგუფის ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მხარდამჭერებად გაეცნენ,  არხის სარედაქციო, პროევროპული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და  ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში. 

იმავე დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, „TV მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო [3].

მნიშვნელოვანია, რომ  ძალადობრივ და პრორუსულ  ჯგუფთან ,,ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2021 წლის 5 და 6 ივლისს  თბილისში, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და დაუმტვრიეს ტექნიკა. მთლიანობაში 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ხელისუფლება ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პრორუსული ჯგუფთან დაკავშირებული პირების მიერ გამოხატულ აგრესიას. მით უფრო, როცა Რეგიონებში მცხოვრები ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შესაძლოა კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩნდნენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში გამოიკვლიოს „TV მონიტორინგისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა. 

კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს  გაატაროს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. 

[1]  სტატია: თავდასხმა TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფზე – ძალადობრივი და პრორუსული პარტიის მხარდამჭერებმა ტელევიზიის აპარატურის დამტვრევა სცადეს https://bit.ly/3P5Bpqn 

[2] ვიდეო https://bit.ly/3uPXnGv

[3] სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება https://bit.ly/3ynjJQf

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.