მედიის ადვოკატირების კოალიცია აგრძელებს მედიაგარემოს მონიტორინგს და ეხმაურება მედიის სფეროში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენს. ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობები სისტემურ ხასიათს იღებს.
კომუნიკაციების კომისია საბოლოოდ ყალიბდება ცენზურის გამტარებელ ორგანოდ. კომისია აგრძელებს რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულებას. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 25 ივნისს დამოუკიდებელი ტელევიზია „TV პირველი“ 2 500 ლარით დააჯარიმა ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“ თუ „ოლიგარქი“. ცოტა ხნით ადრე კი მსგავსი საფუძვლით დაჯარიმდა დამოუკიდებელი მაუწყებელი „ფორმულა“. ეს გადაწყვეტილებები სახიფათო პრეცედენტია და მიმართულია გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კომისიის კოლეგიური სტატუსისა, აღქმაა აშკარად, რომ უწყება სრულად იმყოფება თავმჯდომარის, გოგა გულორდავას, გავლენის ქვეშ, რომელიც ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა, და ასევე „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი იყო. კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მისი დანარჩენი წევრები – კერძოდ, ახლად არჩეული ანი ვაზაგაშვილი, რომელიც ასევე ტელეკომპანია „იმედში“ და იქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ნათია კუკულაძე, ივანე მახარაძე და ეკატერინე იმედაძე – რეპრესიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერით პირდაპირ მონაწილეობენ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ პროცესში. რეპრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტებად გვევლინებიან კომისიის სტრუქტურული ერთეულები, კერძოდ, იურიდიული და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტების ხელმძღვანელობა – ირაკლი ბუთბაია და კონსტანტინე ქორიძე, და პერსონალი, რომლებიც მინიმუმ კომისიის სხდომების მსვლელობისას ამ გადაწყვეტილებების უშუალო მხარდამჭერები არიან. მაგალითად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შერჩევითად ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე განხორციელდა შემდგომში ტელევიზიების დაჯარიმება.
პარალელურად, საქართველოს პარლამენტი სააკრედიტაციო რეგულაციებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნისთვის იყენებს. მიმდინარე კვირაში ტელეკომპანია „ფორმულას“ საპარლამენტო კორესპონდენტისთვის, ნინი ბალანჩივაძისთვის, აკრედიტაციის 6 თვით შეჩერება კრიტიკული კითხვების დასმის გამო „ქართული ოცნების“ მორიგი შურისძიებაა. ეს ბერკეტი პარლამენტს საშუალებას აძლევს, სრულიად იზოლირდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისგან. მსგავსი რეპრესიული პოლიტიკა ადრეც არაერთხელ იყო გამოყენებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ ზეგავლენა გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. გია მურღულიას მეორე ვადით გამწესება ნიშნავს იმ რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერებას, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი ახორციელებენ და რაც მიმართულია არხის შიგნით დამოუკიდებელი აზრის ჩახშობისკენ და ოცნების სასარგებლოდ მიკერძოებული გაშუქებისკენ. საბჭოს ახალი წევრია დავით ქართველიშვილი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი და „ქართული ოცნების“ გამორჩეული მხარდამჭერი. კანდიდატთა შემრჩევი კომისიის წევრებიდან 3 სწორედ სანქცირებული „იმედის“ თანამშრომელი იყო.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და თითოეულ ჟურნალისტს, რომლებიც ამ მიზანმიმართული შეტევისა და რეპრესიების პირობებშიც კი ახერხებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას და საზოგადოების ინფორმირებას.

