მედიაგარემო საქართველოში 2020

30 მაისი 2021

მედიაგარემო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში პლურალისტული, თუმცა პოლარიზებული იყო. მედიის თავისუფლების გამოწვევებს შორის გამოიკვეთა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარვეზები.

წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებზე ძალადობის და მათი დაშინების, საჯარო პირების და პოლიტიკოსების მხრიდან მედიის რეპუტაციის შელახვის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გაშუქების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან და სამუშაოს დაუბრკოლებლად შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები შეშფოთების საგანი გახდა მედიის დამცველებისთვის. ზოგიერთი სამთავრობო უწყებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში და მით უფრო, კოვიდ 19-ით გამოწვეული სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, მედიის წარმომადგენლებისთვის დროულად და ეფექტიანად მიეწოდებინათ ინფორმაცია და გაეუმჯობესებინათ კომუნიკაცია ჟურნალისტებთან, არ შეიმჩნეოდა. კომუნიკაციების კომისიას არ მიუღია სადავო გადაწყვეტილებები მაუწყებლების საქმიანობასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს შეიძლება მივაწეროთ წინასწარ დაგეგმილ სტრატეგიას, რომლის მიზანი წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად ჩატარება იყო. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თვლიან, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილებები პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი დიდხანს ვერ დარჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გასული წლის განმავლობაში დაგვანახა, რამდენად მყიფეა საზოგადოებრივი მედია საქართველოში. მას კიდევ გასავლელი აქვს რეფორმების გზა, რომ სათანადოდ ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესს. საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემის სისუსტე ქვეყანას რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინაშე მოწყვლადს ხდის. მთავრობა, როგორც ჩანს, არასწორად აფასებს ჭეშმარიტ საფრთხეებს და ამჯობინებს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიებისკენ, როგორც დეზინფორმაციის წყაროსკენ მიმართოს რესურსები.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ მედიის პლურალიზმს და თავისუფლებას, სჯერათ, რომ საქართველოში, დამოუკიდებელი მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მთავრობისა და პოლიტიკოსების ქმედებების ზედმიწევნით გაკონტროლებაში, რათა ისინი უფრო მეტად ანგარიშვალდებულნი და გულისხმიერნი გახადონ მოქალაქეების მიმართ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასევე აცნობიერებენ, რომ არსებობს ეთიკური პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქართული მედიის მუშაობაზე, თუმცა ფიქრობენ, რომ ამგვარი პრობლემები უნდა მოგვარდეს თვით-რეგულაციითა და შესაბამისი პროფესიული გაერთიანებების ჩართულობით. აუცილებელია, საქართველოს მედიაგარემოზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა მომავალშიც განაგრძონ მონიტორინგი და კრიტიკული ხედვების მოწოდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, – საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა განაგრძონ ქართული მედიის მხარდაჭერა.

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.