მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ირაკლი ტაბლიაშვილის მიმართ მუქარის შესახებ

25 ივლისი 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანის, ირაკლი ტაბლიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტებს. აღნიშნული მუქარა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ჟურნალისტსა და ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კონტექსტის” წამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს რამდენიმე დღეა უცნობი რუსულენოვანი  პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან და ემუქრებიან. ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. 

ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი ინციდენტი, რომლის დროსაც ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, გაქურდეს თუ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ცოტა ხნის წინ იმავე ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს სცემეს. 

Ბოლო წლებში Საქართველოში საგანგაშო ტენდენციად იქცა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინება, დისკრედიტაცია და მათზე ძალადობა, პოლიტიკური ზეწოლა თუ  სამართლებრივი შევიწროება. ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარა არის კრიტიკული ხმის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დაშინების კიდევ ერთი აშკარა მცდელობა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარის შემთხვევები სასწრაფოდ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები ირაკლი ტაბლიაშვილის დასაცავად და უზრუნველყოს მისი და სხვა ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ პროფესიული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა