მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები რეაგირებას საჭიროებს

22 სექტემბერი 2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც იგი მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ალავიძის განცხადებით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებისგან კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების შეთანხმებას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, ხდებოდა დაბარება კაბინეტში და „ქუჩური წესებით საქმის გარჩევა“, რათა მათთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო. 

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ 2011 წლის თებერვალში 10 წლიანი ვადით დაინიშნა.  2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა ამოეწურა. ალავიძე ჯერ კიდევ 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში, ღიად საუბრობდა სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და „ჩაწყობებზე“. ასევე, იგი  ადასტურებდა, სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ე.წ. კლანის არსებობას.

ბესარიონ ალავიძის განცხადება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა. გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში კონკრეტულ საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სუს-მა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა. როგორც ცნობილია, 2017 წელს, ალავიძემ „რუსთავი 2-ის“ საქმე განიხილა და 8 კოლეგასთან ერთად კერძო მაუწყებელი  ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების არსებობის თაობაზე წლებია ისმის დასაბუთებული კრიტიკა, რომელსაც კიდევ უფრო აღრმავებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებები. სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკა და ბოლო დროს ყოფილი მოსამართლეების  მხრიდან გავრცელებული უმძიმესი ბრალდებებიც მიუთითებს. 

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

  • მოსამართლეთა ზეწოლასა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მათ შორის, დეტალურად შეისწავლოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი შესაძლო ზეწოლის შემთხვევები.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

  • შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. გამოვლენილი ხარვეზების ანალიზს კი დაეფუძნოს რეფორმა, რომლის მიზანი სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება იქნება. 

ამ თემაზე

მედიის სამუშაო პირობები არჩევნების გაშუქებისას

მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა.

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.