ონლაინ მედიისთვის პარლამენტში შესვლა დაუსაბუთებლად აიკრძალა

26 ნოემბერი 2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის დაუსაბუთებლად აკრძალვასთან დაკავშირებით. 

ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზღუდავს მედიის პროფესიულ საქმიანობას და მედიის თავისუფლებას, არამედ უგულებელყოფს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. დამოუკიდებელი მედიის საკანონმდებლო ორგანოში დაუშვებლობით,  „ქართული ოცნება” მოქალაქეებს ართმევს უფლებას, მიიღონ სრულყოფილი, ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია სახელმწიფო მმართველობის უმნიშვნელოვანეს სფეროში. ეს არის პირდაპირი ავტოკრატიული თვითნებობა, რომლის მიზანია ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმების მოშლა.

25 ნოემბერს ონლაინმედიის ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში დაუსაბუთებლად არ შეუშვეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“  პირველ სხდომაზე შეიკრიბა და მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ერთპარტიულად ცნო. მოგვიანებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან „მის გაუქმებამდე“ იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინმედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ განუსაზღვრელი ვადით არ დაიშვებიან.

ონლაინ მედიის ჟურნალისტების პარლამენტში დაშვების აკრძალვა სისტემური პოლიტიკის ნაწილია, რომლის მსგავსი გადაწყვეტილებები არაერთხელ მიუღია “ქართულ ოცნებას”. „ქართული ოცნების” ხელისუფლება სისტემატურად ცდილობს, შეზღუდოს მოქალაქეების წვდომა კრიტიკულ მედიაზე და ბარიერის გარეშე გააგრძელოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის დევნა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ყველა მედიასაშუალებისთვის თანაბრად უზრუნველყოს.

ამ თემაზე

მედიის წარმომადგენლების მასობრივი დარბევა 28-29 ნოემბრის ღამეს 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გამოხმაურება ონლაინმედიის პარლამენტში შესვლის აკრძალვაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე