რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება მედიისთვის მორიგ სახიფათო პრეცენდენტს ქმნის

20 აპრილი 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ჟურნალისტების, კერძოდ ონლაინ-გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის 2200-2200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული გადაწყვეტილებები ჟურნალისტების, მათი საქმიანობის და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

ჟურნალისტები 2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც მედია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტში რუსული კანონის საპროცედურო განხილვებს აპროტესტებდა. ზურა ვარდიაშვილი  აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ბექა ჯიქურაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს, ორივე მათგანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები  „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის” ბრალდებით. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი  დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა. შესაბამისად, მისდამი სასამართლოს მხრიდან  სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის და მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია. ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ამ თემაზე

მედიის სამუშაო პირობები არჩევნების გაშუქებისას

მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა.

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.