კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

18 ივლისი 2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ მორიგ დაჯარიმებას და მკაცრად გმობს მედიაზე განხორციელებულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ დევნას. დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასა და მედიაგარემოს.

17 ივლისს მიღებული სადავო გადაწყვეტილების თანახმად, კომუნიკაციების კომისიამ, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მედიამონიტორინგის საფუძველზე, „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი. კომისიამ კანონდარღვევად შეაფასა საინფორმაციო გამოშვებებში ისეთი ტერმინების სისტემატური გამოყენება, როგორიცაა „ოცნების ხელისუფლება“, „ოცნების პროკურატურა“, „რეპრესიული კანონები“ და „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისია კიდევ ერთხელ უხეშად ჩაერია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და განახორციელა შინაარსობრივი ცენზურა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანია „ფორმულასა“ და, ზოგადად, დამოუკიდებელ მედიას რეპრესიული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ფარგლებში ასანქცირებს. კრიტიკული აზრისა და სარედაქციო პოლიტიკის გამო მაუწყებლების დაჯარიმება მიზანმიმართული, სახიფათო ტენდენციის ნაწილია, რომლის მიზანიც „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი ნარატივების შეზღუდვაა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მარეგულირებელი ორგანო, რომლის დამოუკიდებლობაც მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფურცლებზე წერია, რეალურად „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მოქმედებს და ქვეყანაში ცენზურის დამკვიდრების ერთ-ერთი რეპრესიული ინსტრუმენტია. 

დღევანდელ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომისიის ოთხმა წევრმა, კერძოდ: გოგა გულორდავამ (თავმჯდომარე), ნათია კუკულაძემ, ეკატერინე იმედაძემ და ივანე მახარაძემ. სხდომას არ ესწრებოდა მეხუთე წევრი, ანი ვაზაგაშვილი, რომელიც ახლახან შეუერთდა უწყებას, მანამდე კი, თავმჯდომარის მსგავსად, „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურ და სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში” მუშაობდა. კომისიონერების მსგავსად, მარეგულირებლის სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი კონსტანტინე ქორიძის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ცენზურის პოლიტიკის ლოიალური შემსრულებლები არიან.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ და ქვეყანაში მოქმედ თითოეულ დამოუკიდებელ მედიას თუ ჟურნალისტს, რომლებიც არსებული წნეხის პირობებშიც კი აგრძელებენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, იცავენ სარედაქციო თავისუფლებას და უზრუნველყოფენ საზოგადოების ინფორმირებას.

ამ თემაზე

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება

კომუნიკაციის კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას აძლიერებს

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაჯარიმება, “მონიტორის” და “პუბლიკას” აკრედიტაციების გაუქმება მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გაგრძელებაა