მედიაკოალიციის წევრი ორგანიზაციის „მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პორტალმა, „მითების დეტექტორმა“ კომუნიკაციების კომისიის პლატფორმის – mediacritic.ge-ს ვებ-გვერდზე 2023 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით გამოქვეყნებული 139 სტატია გაანალიზა.
მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
2019-2022 წლებში მედიაკრიტიკის ბიუჯეტმა ჯამურად 1 678 103.65 შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი შრომით ანაზღაურებაზე მოდის, თუმცა უცნობია, რა თანხები იხარჯება გარე ავტორების ჰონორარებზე.
მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკა” ყველაზე მეტ დროს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სარედაქციო პოლიტიკის მედიებს უთმობს;
დისპროპორციულად გაშუქების გარდა, იკვეთება შემთხვევები, როცა კრიტიკა ხელისუფლების პოზიციების გამართლებით ან დაცვით უფროა მოტივირებული, ვიდრე პროფესიული სტანდარტების.
მარეგულირებლის პლატფორმა ზოგჯერ არა ჟურნალისტებს, არამედ მათი პოზიციის გამო რესპონდენტებსაც კი აკრიტიკებს (საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის დეპუტატი).
მედიაკრიტიკა უგულებელყოფს ინფორმაციებს, რომლებიც ქართულ მედიაზე სახელისუფლებო გავლენებს და მედია გარემოს გაუარესებას შეეხება და ამავე დროს აშუქებს მასალებს, რომლებიც დასავლურ მედიაში არსებულ გამოწვევებზეა ფოკუსირებული, რაც ქმნის დიქოტომიას, რომ საქართველოში მედია სახელისუფლებო გავლენებისგან სრულიად თავისუფალია და პრობლემები მხოლოდ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებს აქვთ.
მედიაკრიტიკას გამჭვირვალობის პრობლემებიც აქვს.
წარსულში მედიაკრიტიკის პლატფორმაზე სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტები ხშირად წერდნენ, თუმცა ბოლო დროს ვებ-გვერდზე მათი პუბლიკაციები ნაკლებად გვხვდება, სამაგიეროდ იმატა სტატიებმა, რომელთა ავტორები სავარაუდოდ პუბლიკაციებს ფსევდონიმით აქვეყნებენ.
ნახეთ ანალიზი სრულად.